Статья 151. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა წარდგენა
1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში შესაბამის საარჩევნო ოლქში კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ: ა) არჩევნებში მონაწილე პარტიას; ბ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს.
2. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიას უფლება აქვს, არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა განცხადებით მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.
3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.
4. მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობები განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით.
5. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს თითოეული კანდიდატის: ა) გვარი, სახელი; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; გ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); დ) სქესი; ე) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); ვ) თანამდებობა (საქმიანობა); ზ) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“); თ) ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის ნომერი, სადაც იგი მაჟორიტარ კანდიდატად არის წარდგენილი; ი) წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები (არსებობის შემთხვევაში).
