Статья 29. საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება
1. საუბნო საარჩევნო კომისია: ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო უბანში უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას, კენჭისყრის დროს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვას, ამომრჩეველთა, წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გარანტირებული უფლებების გამოყენებასა და დაცვას; ბ) ამოწმებს ამომრჩეველთა სიების სისწორეს, განიხილავს სიებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს და შეცდომების ან უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში არაუგვიანეს მომდევნო დღისა მიმართავს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას სიებში ცვლილების შეტანის წინადადებით; გ) ამომრჩეველთა განცხადებებისა და განაცხადების საფუძველზე ადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას; დ) ადგენს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო უბანში, რის თაობაზედაც დგება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი; ე) უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საკითხი; ვ) პასუხისმგებელია საარჩევნო უბანში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის განთავსებისთვის, იმ ადგილის სათანადოდ მომზადებისთვის, სადაც იმართება კენჭისყრა და ითვლება საარჩევნო ბიულეტენები; უზრუნველყოფს საარჩევნო უბანში წესრიგის დაცვას; ზ) კენჭისყრის დღეს განიხილავს საარჩევნო პროცესსა და კენჭისყრის მომზადებასთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას; თ) უზრუნველყოფს კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების უპირობო განხორციელებას და ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მათი დაცვისთვის; ი) აუქმებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის, კენჭისყრის შეჩერების, ჩაკეტვის შემდეგ კენჭისყრის შენობის გახსნის, კენჭისყრის გაგრძელების შესახებ; კ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
