Статья 74. საარჩევნო ყუთის გახსნა
1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთზე ლუქის მთლიანობას.
2. თუ საარჩევნო ყუთზე ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ საუბნო საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა, საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებით გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ყუთი ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება და დალუქული საარჩევნო ყუთი დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.
3. მთვლელებს საარჩევნო ყუთები განცალკევებით მდგარ მაგიდაზე გადააქვთ და ადგილს ისე იკავებენ, რომ მოპირდაპირე მხარეს, 2 მეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები. ამ მთვლელების გვერდით დგება დამკვირვებელთაგან გამოვლენილი 2 მეთვალყურე და 2 წარმომადგენელი.
4. საუბნო საარჩევნო კომისია თავდაპირველად ხსნის გადასატან საარჩევნო ყუთს. მთვლელები გადასატან საარჩევნო ყუთში არსებულ სპეციალურ კონვერტებს ათავსებენ მაგიდაზე, ამოწმებენ გადასატან საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და მას უდარებენ საუბნო საარჩევნო კომისიაში შედარების მიზნით შენახულ საკონტროლო ფურცელს. თუ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა ან გადასატან საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა ანდა გადასატან საარჩევნო ყუთში ყველა საარჩევნო ბიულეტენი სპეციალური კონვერტების გარეშე მოთავსებული აღმოჩნდა, ყველა სპეციალური კონვერტი და საარჩევნო ბიულეტენი შეიკვრება პაკეტად, დაეწერება „ბათილია“ და საარჩევნო უბანში კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცედურების დასრულების შემდეგ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ მთვლელები ხსნიან ძირითად საარჩევნო ყუთს.
5. მთვლელები ძირითად საარჩევნო ყუთში არსებულ სპეციალურ კონვერტებსა და საარჩევნო ბიულეტენებს ათავსებენ განცალკევებით მდგარ მაგიდაზე, ამოწმებენ ძირითად საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და მას უდარებენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ შენახულ საკონტროლო ფურცელს. თუ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა ან ძირითად საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, ყველა სპეციალური კონვერტი და საარჩევნო ბიულეტენი შეიფუთება, დაილუქება, შედგება სათანადო ოქმი და სპეციალური კონვერტები და საარჩევნო ბიულეტენები დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. თუ ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა, მთვლელები ძირითადი საარჩევნო ყუთიდან და გადასატანი საარჩევნო ყუთიდან გადმოყრილ სპეციალურ კონვერტებს ერთმანეთში ურევენ დაიწყებენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლას.
6. გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული საარჩევნო ბიულეტენები დალუქული სახით ასევე გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას: ა) თუ გადასატან საარჩევნო ყუთში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა არ ემთხვევა გადასატანი საარჩევნო ყუთის გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას; ბ) თუ გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში დაულუქავი დაბრუნდა; გ) სხვა შემთხვევაში, როდესაც გადასატანი საარჩევნო ყუთის გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრის პროცედურა საჭიროებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხის დამატებით შემოწმებას.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
