1.პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია.
2.ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
3.განაწილების ლიცენზიატსა და ქსელის მფლობელს შორის შეთანხმებამ არ უნდა გამოიწვიოს საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის მომარაგების გაუარესება, მათ შორის, ელექტროენერგიის საფასურის გაძვირება.
4.განაწილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს სხვისი კუთვნილი ქსელით სარგებლობის შემთხვევაში, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, იგივე ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის.
5.მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) კუთვნილი ელექტროქსელიდან ელექტროენერგიის სხვა მომხმარებლებისათვის განშტოებით მიწოდების შემთხვევაში, თითოეული მომხმარებლის განშტოებაზე მოწყობილი უნდა იყოს აღრიცხვის კვანძი და დამონტაჟდეს ინდივიდუალური მრიცხველები. ამასთან, აღნიშნული ინდივიდუალური მრიცხველების გარდა, მოცემულ განშტოებამდე (ამ წესებით განსაზღვრული წესით) უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი და დამონტაჟდეს საკონტროლო მრიცხველი.
6.პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის სხვა პირზე დროებით სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, დროებითი მფლობელის (პირდაპირი მფლობელის) აბონენტად რეგისტრაცია (ასეთი მოთხოვნის არსებობისას), ამ წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის შემდეგ, რომლითაც შესაძლებელი იქნება განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ მომხმარებლის (აბონენტის) ელექტროენერგიის ინდივიდუალური მოხმარების განსაზღვრა. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, დროებითი მფლობელის ელექტროგაყვანილობისა და აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებას, მიუხედავად ამისა, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად, შეადგინოს მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების შესახებ აქტი.
7.მომხმარებლის (აბონენტის) მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ მის მიერ ელექტროენერგიის მიღება წარმოებს მესაკუთრის კუთვნილი ელექტროქსელის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება ელექტროქსელის სხვადასხვა მომხმარებლებზე (აბონენტებზე) განშტოება, ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენეგიის შესყიდვა ხდება განშტოებამდე დამონტაჟებულ საკონტროლო მრიცხველზე, ამ მომხმარებლისთვის აღნიშნული მრიცხველი წარმოადგენს საანგარიშსწორებო მრიცხველს და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს იხდის იმავე ტარიფით, რა ძაბვაზეც ხდება განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან ელექტროენერგიის ამ მრიცხველში მიღება-აღრიცხვა. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია: ა) თითოეულ მომხმარებელს გაუწიოს მომსახურება, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; ბ) მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად, ასევე ინდივიდუალურად გამოწეროს ქვითარი და საფასური ელექტროენერგიის მოხმარების შესაბამისად დაარიცხოს; გ) საკონტროლო (საანგარიშსწორებო) მრიცხველსა და თითოეული აბონენტის ინდივიდუალური მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობა, გადაანაწილოს მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად; დ) მომხმარებელთა შორის, დარიცხვასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, შეისწავლოს საკითხი და დააფიქსიროს მისი პოზიცია; ე) საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს მონაცემების კორექტირება მომხმარებელთა საკონტროლო (საანგარიშსწორებო) და ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენებზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; ვ) მომხმარებლის მიერ დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, ელექტროენერგიით მომარაგება განახორციელოს იმ მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის პირობით, რომელსაც ერიცხება დავალიანება. განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ ქვეპუნქტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ვერ ხერხდება აღნიშნული მომხმარებლისათვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა.
