1.ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი პარამეტრების ელექტროენერგიით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.
2.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია: ა) გაუწიოს მომსახურება ყველა სახის მომხმარებელს ამ წესების შესაბამისად; ბ) დაიცვას ტექნიკური და უსაფრთხოების დადგენილი ნორმები და წესები; გ) უზრუნველყოს მომხმარებელთა მუდმივი მომსახურება მათ შორის მუდმივმოქმედი 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურება; დ) დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება შეტყობინებაზე ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის ან/და ძაბვის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) შესახებ; ე) მოახდინოს საცალო მომხმარებელზე ელექტროენერგიის რეალიზაცია (ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად); ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით გაატაროს სხვისი კუთვნილი ელექტროენერგია წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ელექტრულ ქსელამდე; ზ) უზრუნველყოს ამ წესებით და ლიცენზიის პირობებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების სათანადოდ შესრულება.
3.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და შეწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება, თუ: ა) საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას; ბ) ადგილი აქვს ტექნიკური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დარღვევას. ამასთან, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეიძლება განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად; გ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გაცემულია სათანადო დავალება ელექტროენერგიით მომარაგების შეზღუდვის ან შეწყვეტის შესახებ.
4.განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, კანონმდებლობისა და ამ წესებში მოცემული ნორმების დაცვით, შეწყვიტოს მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება, თუ: ა) მომხმარებელის მიერ გადახდილი არ არის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური; ბ) მომხმარებლის მიერ ირღვევა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკურ პირობაში მოცემული მოთხოვნები; გ) მომხმარებელი არ ასრულებს ამ წესებით დადგენილ პირობებს ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იმ ვალდებულებებს, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად ითვალისწინებს ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტას; დ) საჭიროა გეგმური ან ავარიული სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
5.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორება აწარმოოს მხოლოდ ამ წესებით განსაზღვრულ ანგაროშსწორების ქვითარში გადასახდელი (მოთხოვნილი) თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ვადის განსაზღვრის შემდეგ.
