1.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, გააფორმოს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურთან საცალო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის გატარების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც მოქმედებს, სანამ მხარეების მიერ არ იქნება მიღებული სხვა გადაწყვეტილება.
2.გატარების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურმა განაწილების ლიცენზიატს უნდა მიმართოს შესაბამისი განაცხადით.
3.ელექტროენერგიის გატარების შესახებ განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) განმცხადებლის (მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის) რეკვიზიტებს; ბ) ელექტროენერგიის გატარების საფასურის გადახდაზე პასუხისმგებელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის (ასევე, სხვა ფორმის მეწარმე სუბიექტის) სახელს, მისამართს და საბანკო რეკვიზიტებს; გ) მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების შესაბამისად, ელექტროენერგიის გატარებისა და საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მომსახურებიდან გამომდინარე წარმოქმნილი ხარჯების გადახდაზე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის თანხმობას. დ) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის ელექტროენერგიის მიწოდების პუნქტების ადგილმდებარეობასა და დასახელებას; ე) მიწოდების პუნქტში ელექტროენერგიის საპროგნოზო მიწოდების წლიური, თვიური, დღიური გრაფიკები, ელექტროენერგიის ფაქტობრივი მიწოდებისა და მოხმარების დაბალანსების პირობების, წყაროებისა და შესაბამისი სიმძლავრეების მითითებით.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის ე ქვეპუნქტში მოცემული მონაცემები დამოკიდებულია შესაბამის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებლებთან გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებასა და საცალო მომხმარებლის (მომხმარებლების) ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრეებზე. აღნიშნული მონაცემების ცვლილება არ საჭიროებს ელექტროენერგიის გატარების შესახებ განაცხადში ან გატარების ხელშეკრულებაში ცვლილებას.
5.განაწილების ლიცენზიატი ელექტროენერგიის გატარების შესახებ განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ოთხი სამუშაო დღისა ვალდებულია გააფორმოს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურთან ხელშეკრულება ელექტროენერგიის გატარების თაობაზე.
6.განაწილების ლიცენზიატთან ამ მუხლის შესაბამისად შევსებული განაცხადის წარდგენის შემდეგ განაცხადით მოთხოვნილი პირობები აისახება ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულებაში.
7.ელექტროენერგიის გატარების შესახებ ინდივიდუალურ ან/და ამ წესებით გაუთვალისწინებელ პირობებზე შეუთანხმებლობის მიუხედავად, განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღის შემდეგ, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად წარდგენილ განაცხადში მოცემული პირობების საფუძველზე, განახორციელოს ელექტროენერგიის გატარება და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად იმოქმედოს ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით.
8.ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს ელექტროენერგიის ფაქტობრივი მიწოდებისა და მოხმარების დაბალანსების პირობები, მათ შორის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის შესაბამისი სიმძლავრის მიუწოდებლობითა და სხვა უარყოფითი გარემოებებით გამოწვეული შედეგების თავიდან აცილების პირობები, ასევე, იმ გარემოებებში მოქმედების პირობები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ელექტროენერგიის გამანაწილებელ სისტემაში მომხმარებელთა იძულებითი შეზღუდვა.
9.განაწილების ლიცენზიატს უფლება არ აქვს უარი უთხრას შესაბამის დაინტერესებულ პირს მისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის გატარებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უარი დასაბუთებულია გატარებისათვის საჭირო შესაბამისი საფასურის გადაუხდელობით.
10.განაწილების ლიცენზიატს ელექტროენერგიის გატარების საფასური აუნაზღაურდება მის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელ ქსელში ფაქტობრივად გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობის შესაბამისად, კომისიის მიერ ამ მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის მიხედვით.
