Статья 2. ძირითადი პრინციპები
1.მიმწოდებელი ვალდებულია, ყველა სახის მომხმარებელს მომსახურება გაუწიოს ამ წესების შესაბამისად და ოპერატიულად მისცეს განაწილების ლიცენზიატს სათანადო მითითება საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების თაობაზე, ხოლო განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეასრულოს მიმწოდებლის აღნიშნული მითითება და უზრუნველყოს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება ამ წესებით განსაზღვრული პირობებით.
2.ბუნებრივი გაზით მომარაგების ძირითადი პრინციპია მომხმარებლის შესაბამისი პარამეტრების ბუნებრივი გაზით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.
3.მიმწოდებელი ვალდებულია: ა) მომსახურება გაუწიოს ყველა სახის მომხმარებელს; ბ) მოთხოვნისთანავე გააფორმოს მოხმარებელთან ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება და უზრუნველყოს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება (ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად); გ) საცალო მომხმარებელთან ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმოს მხოლოდ ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე საჯაროდ გამოცხადებულ ტიპურ ხელშეკრულებაში მოცემული პირობებითა და ფასით; დ) დროულად მოახდინოს საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვა, ქვითრის მიწოდება და დარიცხული საფასურის ამოღება ამ წესების პირობების შესაბამისად; ე) განაწილების ლიცენზიატს გადაუხადოს ბუნებრივი გაზის მოცულობის განაწილების საფასური მომხმარებლისთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის შესაბამისად. ასევე, ამ წესების თანახმად, უზრუნველყოს თავისივე მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებისას წარმოქმნილი სხვა ხარჯების დროული ანაზღაურება; ვ) ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია საცალო მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის მოცულობის, ასევე, მისი ფასისა და თავისუფალი (ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი) მოცულობის შესახებ; ზ) უზრუნველყოს საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების ინდივიდუალური აღრიცხვა და მიღებული ინფორმაციის განაწილების ლიცენზიატისთვის დაუყოვნებლივ მიწოდება; თ) უზრუნველყოს მომხმარებელთა მუდმივი მომსახურება, მათ შორის, მუდმივმოქმედი 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით; ი) უზრუნველყოს ამ წესებით, მისი შესაბამისი ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების სათანადოდ შესრულება.
4.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია: ა) გაუწიოს მომსახურება ნებისმიერ მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს ამ წესების შესაბამისად; ბ) ოპერატიულად შეასრულოს მიმწოდებლის მითითება ამა თუ იმ პირისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების, მიწოდების შეწყვეტის ან აღდგენის თაობაზე; გ) დაიცვას ტექნიკური და უსაფრთხოების დადგენილი ნორმები და წესები; დ) უზრუნველყოს საცალო მომხმარებელთა მუდმივი მომსახურება, მათ შორის, მუდმივმოქმედი 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით; ე) დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება შეტყობინებაზე ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, შეზღუდვის ან/და წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) შესახებ; ვ) ექსპლუატაცია გაუწიოს და გამართულ მდგომარეობაში იქონიოს გამანაწილებელი ქსელი, ანგარიშსწორებისათვის მოაწყოს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძი (აღრიცხვის კვანძები) და უზრუნველყოს მათი გამართული მუშაობა; ზ) მიმწოდებლისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოს გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის მიღებისა და მიწოდების (მოხმარების) ერთიანი ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება ინფორმაციის სათანადოდ დამუშავების საფუძველზე; თ) ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, ტექნიკური რეგლამენტისა და უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის (დარღვევების) აღმოჩენისა და ამ დარღვევის შესაძლო შედეგებზე მომხმარებელთა წერილობითი ფორმით ინფორმირების მიზნით, ამ წესების შესაბამისად, აწარმოოს საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარების, ხელსაწყოებისა და მათი ქსელთან მიერთების საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებთან, ასევე, ამ დანადგარების შესაბამის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან (მათ შორის, სამონტაჟო-საექსპლუატაციო დოკუმენტაციასთან) შესაბამისობის სისტემატური შემოწმება და განახორციელოს სათანადო რეაგირება; ი) უზრუნველყოს ამ წესებით და ლიცენზიის პირობებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების სათანადოდ შესრულება.
5.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და შეწყვიტოს ბუნებრივი გაზით მომარაგება, თუ: ა) საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას; ბ) ირღვევა ტექნიკური რეგლამენტისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნები. ამასთან, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეიძლება განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად; გ) ტრანსპორტირების ლიცენზიატის ან/და შესაბამისი მიმწოდებლის მიერ გაცემულია სათანადო დავალება (მითითება) ბუნებრივი გაზით მომარაგების შეზღუდვის ან შეწყვეტის შესახებ.
6.განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია კანონმდებლობისა და ამ წესებში მოცემული ნორმების დაცვით შეწყვიტოს საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება, თუ: ა) საცალო მომხმარებლის მიერ დროულად არ არის გადახდილი მასზედ დარიცხული, მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური; ბ) საცალო მომხმარებლის მიერ ირღვევა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკურ პირობაში მოცემული მოთხოვნები; გ) საცალო მომხმარებელი არ ასრულებს ამ წესებით დადგენილ პირობებს ან/და ხელშეკრულებით ნაკისრ იმ ვალდებულებებს, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად ითვალისწინებენ ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტას; დ) საჭიროა გეგმური ან ავარიული სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
7.მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან საცალო მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორება აწარმოონ მხოლოდ ამ წესებით განსაზღვრულ ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი (მოთხოვნილი) თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ვადის განსაზღვრის შემდეგ.
8.ამ წესებით განსაზღვრულ მიმწოდებლის ვალდებულებებში არ შედის საცალო მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ან აღრიცხვის კვანძის მოწყობის, ასევე, გამანაწილებელი ქსელიდან ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება.
