Статья 10. საქართველოს პარლამენტის ნორმატიული აქტები
1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. მას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა სხვა სამართლებრივი აქტების მიმართ. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას.
2. საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს კონსტიტუციური კანონი მიიღება საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის განსაზღვრისას საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ავტონომიური რესპუბლიკების სტატუსის განსაზღვრისას და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვისას.
3. საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, რომელსაც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან საქართველოს სახელით დებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობით.
4. მხოლოდ საქართველოს პარლამენტია უფლებამოსილი, მოახდინოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირება, დენონსირება და გაუქმება.
5. საქართველოს ორგანული კანონი მიიღება მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელთა მოწესრიგებაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს ორგანული კანონითაა გათვალისწინებული.
