ადვოკატის ინფორმაციით, „ასტრაზენეკა“ 27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმის გამოძიებაშია ჩართული
„ასტრაზენეკა“ 27 წლის მედდის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმის გამოძიებაშია ჩართული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ასტრაზენეკასგან“ შეტყობინება მიიღეს, სადაც ითხოვენ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, ასევე ვაქცინის ამპულის საიდენტიფიკაციო ნომერს.
„ასტრაზენეკასგან“ მივიღეთ დაშიფრული შეტყობინება. ამ შეტყობინებაში ითხოვენ კონკრეტულ დოკუმენტებს, საუბარია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზეც, რომელსაც ჩვენც ველოდებით. დღეს გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება, როგორც ჩანს, იცის მინისტრმა შუალედური დასკვნის შედეგი. მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა ვაქცინის ამპულას თავისი საიდენტიფიკაციო ნომერი აქვს, ამ საიდენტიფიკაციო ნომერს ითხოვენ, ესაც არ გვაქვს ამ წუთისთვის, თუმცა, გამოძიებას აქვს ეს ამპულა. ამის გაგზავნას ითხოვენ, რომ გამოძიება გააგრძელონ ამ საქმესთან დაკავშირებით“, - აცხადებს ვახტანგ ბარამაშვილი.