
ხმაურიანი ავტომობილები და კანონის ლაბირინთი: მძღოლები სამართლებრივ ჩიხში
რიგით მოქალაქეს, რომელიც თავისი ცხოვრებითაა დაკავებული, ავტომოყვარულია და ამით იღებს სიამოვნებას, არ ევალება იცოდეს კანონის კითხვა და გააზრება. ამასთან, იურისტები არ ვართ პრობლემებზე საჯაროდ საუბრის მოყვარული ადამიანები და სამწუხაროდ, ეს ქმნის სივრცეს იმისათვის, რომ არაკვალიფიციური ადამიანები იურისტთა კომპეტენციაში შეიჭრან და კანონზე ისე ისაუბრონ, თითქოს რამე ესმით მის შესახებ. ამიტომ, გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და შემოგთავაზებთ კანონის და მის გარშემო არსებული კონტექსტის განმარტებას.
პრობლემის დეფინიცია: რა საკითხს უნდა აგვარებდეს კანონი?
ყველა ვთანხმდებით, რომ პრობლემას წარმოადგენს ღამის საათებში ავტომობილის ხმაური, რაც მოსახლეობას ძალიან აწუხებს. ჩვენი განსახილველი კანონები სწორედ ამ მიზანთან მიმართებით უნდა გავიაზროთ. აღსანიშნავია, რომ ორი კანონი გვაქვს (ორივე არსებობდა, თუმცა ორივე რედაქტირდა).
- კანონი ხმაურზე, რომელიც არ მუშაობს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის 3⁴ ნაწილი)
კანონის ეს ნაწილი პირდაპირ ადგენს პასუხისმგებლობას იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური აღემატება „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას“.
ძირითადი ხარვეზი: კანონი პრაქტიკულად აღსრულებას არ ექვემდებარება, რადგან დღემდე არ არსებობს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც დაადგენდა ხმაურის დასაშვებ კონკრეტულ ზღვრებს. ამის გარეშე, კანონის მოთხოვნა აბსტრაქტულია და ქმნის სამართლებრივ ჩიხს. შესაბამისად, ეს კანონი, რომელიც პირდაპირ ხმაურის პრობლემას უნდა არეგულირებდეს, ფაქტობრივად, „იმპოტენტია“. - კანონი, რომელსაც არამიზნობრივად იყენებენ (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-5 ნაწილი)
ეს არის ნორმა, რომელიც მძიმე პრობლემად და განხილვის საგნად იქცა. ის კრძალავს თვითნებურად გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების მართვას. დარღვევად ითვლება კონსტრუქციის ისეთი ცვლილება, რომელიც არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებს ან/და ქარხანა-დამამზადებლის სტანდარტებს.
ანალიზი: რატომ არის ეს მიდგომა ფუნდამენტურად მცდარი?
ა) კანონის მიზნობრიობის და ლოგიკის პრობლემა:
კანონში არსად არ არის ჩანაწერი ხმაურის შესახებ. მისი დეკლარირებული მიზანი უსაფრთხოებაა.
იმ ფაქტორებიდან, რომელიც დაჯარიმების საფუძველი შეიძლება გახდეს (საწვავის ავზი, ძარა, მაყუჩი და ა.შ.), თეორიულად მხოლოდ მაყუჩი შეიძლება იყოს ხმაურის გამომწვევი.
თუ ავტომობილის კონსტრუქციის ცვლილება იმდენად დიდია, რომ უსაფრთხოების რისკებს ქმნის, ის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს უნდა დაიბლოკოს. ეს აჩენს კითხვას — რას აგვარებს ეს კანონი რეალურად? ის პასუხობს მხოლოდ იმ თეორიულ შემთხვევებს, როდესაც ავტომობილმა კი გაიარა ტექინსპექტირება, მაგრამ მაინც არღვევს უსაფრთხოების ნორმებს.
ბ) ფუნდამენტური სამართლებრივი პრინციპების დარღვევა:
სამართლებრივი განჭვრეტადობის პრინციპის დარღვევა: ფრაზა „არ შეესაბამება ქარხანა-დამამზადებლის სტანდარტებს“ უკიდურესად ბუნდოვანია, რაც პატრულის თანამშრომელს თვითნებური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას აძლევს.
თანასწორობის პრინციპის დარღვევა: ახალი, ქარხნულად ხმაურიანი სპორტული ავტომობილი კანონიერია, ხოლო ძველი ავტომობილი ხარისხიანი, მაგრამ არაორიგინალი (შესაძლოა, უფრო ჩუმი) მაყუჩით — კანონდამრღვევია. აქცენტი კეთდება არა რეალურ შედეგზე (ხმაური), არამედ ფორმალურ ნიშანზე (წარმომავლობა).
მანკიერი წრე: აღსრულების პრაქტიკა და მისი სოციალური შედეგები
რადგან ხმაურის პირდაპირი მარეგულირებელი კანონი არ მუშაობს, შინაგან საქმეთა სამინისტრო იყენებს მეორე კანონს, რომელიც საერთოდ არ ეხება ხმაურს, რითიც თითქოსდა ხმაურის პრობლემას „აგვარებს“. ეს ქმნის მანკიერ წრეს, რომელსაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური შედეგები აქვს.
ფინანსური ხაფანგი მოქალაქისთვის: ჯარიმა, ავტოსადგომის ხარჯები და გადაკეთება მძღოლს მძიმე ტვირთად აწვება. ეს ხარჯი, როგორც წესი, ნაკლებია, ვიდრე იურისტის აყვანა და სასამართლოში წლობით დავა. ამიტომ, უმეტესობა უსამართლობის განცდის მიუხედავად, დამორჩილებასა და ჯარიმის გადახდას ამჯობინებს.
სამართალზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა და პროტესტის ჩახშობა:
ჩვენი ხელისუფლების წყალობით, კერძოდ ე.წ. გამჭვირვალობის ანდა „რუსული კანონის“ გამო, თითქმის აღარ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციების რესურსი, რომლითაც მოქალაქეები უფასო იურიდიულ დახმარებას მიიღებდნენ ამგვარი სადავო ჯარიმების გასაჩივრებისთვის.
ამასთან, უნდა გვესმოდეს, რომ აქციებს, რომლებიც საფრთხეს არ უქმნის ხელისუფლებას, ყურს მიღმა ატარებენ. ხოლო აქციები, რომლებიც საფრთხის შემცველია, ფაქტობრივად აკრძალულია ქვეყანაში 5000-ლარიანი ჯარიმების გამო.
ეს ფაქტორები ერთობლიობაში ქმნის სისტემას, სადაც მოქალაქე პრაქტიკულად მარტო რჩება სახელმწიფოს სადავო გადაწყვეტილების პირისპირ და მას წინააღმდეგობის გაწევის ეფექტიანი მექანიზმები აღარ გააჩნია.
საბოლოო დასკვნა
არსებული ვითარება ქმნის მანკიერ წრეს, სადაც რეალური პრობლემა (ხმაური) გვარდება არასწორი სამართლებრივი ინსტრუმენტით. სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს არა ის, თუ რა აყენია ავტომობილზე, არამედ ის, თუ როგორ მუშაობს ის. გამოსავალი არის ხმაურის კონკრეტული, გაზომვადი ნორმების დადგენა და პატრულის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა.
სანამ ეს არ მოხდება, კანონი დარჩება უსამართლობის, სუბიექტური აღსრულებისა და მოქალაქეების უფლებების შელახვის ინსტრუმენტად.