1.ნოტარიუსის ძირითადი ფუნქციებია: ა) იმ აქტის (გარიგების, მოწმობის და სხვა.) შედგენა და დამოწმება/გაცემა, რომლის ნამდვილობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია გარიგების სანოტარო ფორმის დაცვა (სავალდებულო სანოტარო წესით დამოწმება); ბ) იმ აქტის (გარიგება, მოწმობა და სხვა.) შედგენა და დამოწმება/გაცემა, რომლის ნამდვილობისათვის საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულო არ არის გარიგების სანოტარო ფორმის დაცვა, მაგრამ პირს სურს გარიგების დადება სანოტარო ფორმის დაცვით; გ) ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება, მათ შორის, გარიგებებზე, რომელთა ნამდვილობისათვის საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულო არ არის გარიგების სანოტარო ფორმის დაცვა; დ) კანონით დადგენილ შემთხვევებში იურიდიული შინაარსის მქონე ფაქტის დამოწმება; ე) პირის განცხადების დამოწმება; ვ) დოკუმენტის დედანთან ან დამოწმებულ ასლთან ასლის (ფოტოასლის) შესაბამისობის, აგრეთვე, დოკუმენტიდან ამონაწერის ნამდვილობის დამოწმება; ზ) დეპოზიტში იღებს დოკუმენტებს, ფულს, ფასიან ქაღალდებსა და ფასეულობებს; თ) შესანახად იღებს დოკუმენტებს; ი) სამემკვიდრეო საქმისწარმოება და სამკვიდრო მოწმობის გაცემა; კ) სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა; ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.
2.ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებებთან დაკავშირებით სამართლებრივ დახმარებას უწევს პირებს. იგი არის თავისი კლიენტის მიუკერძოებელი იურიდიული მრჩეველი.
3.ნოტარიუსი წინამდებარე ინსტრუქციით დადგენილი წესით სანოტარო ბიუროში ინახავს სანოტარო დოკუმენტებსა და სხვა აქტებს.
4.ნოტარიუსი სანოტარო ფუნქციების აღსრულებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ,ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონით, ამ ინსტრუქციით, და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.






