საქართველოს საგადასახადო კოდექსი
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
1. ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.
2. საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
3. საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.
4. თუ ქონებაზე ქონების გადასახადში მიმდინარე საგადასახადო წლის მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების ოდენობა, მათ შორის, საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, არანაკლებ 50 პროცენტით მცირდება გასულ საგადასახადო წელთან შედარებით და აღნიშნულის შესახებ გადასახადის გადამხდელი არა უგვიანეს მიმდინარე წლის 1 ივნისისა აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, შეამციროს ან საერთოდ არ გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელის თანხა.
5. თუ წარმოდგენილი ფაქტობრივი წლიური შედეგების მიხედვით არ დასტურდება მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების ოდენობის არანაკლებ 50 პროცენტით შემცირება და გადასახადის გადამხდელს საანგარიშო წლის განმავლობაში სრული ოდენობით არ გადაუხდია მიმდინარე გადასახდელი, მან უნდა გადაიხადოს საურავი ამ კოდექსის შესაბამისად, მიმდინარე გადასახდელის გადახდის ვადის დადგენილი თარიღიდან საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის თარიღამდე არსებულ დროის მონაკვეთში.
6. თუ წინა საგადასახადო პერიოდთან შედარებით იცვლება გადასახადის განაკვეთი, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, მიმდინარე გადასახდელი გადაიხადოს მიმდინარე წლისთვის მოქმედი განაკვეთის მიხედვით.
7. საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
8. თუ გადასახადის გადამხდელი საწარმო/ორგანიზაცია მხოლოდ არასრული კალენდარული წლის განმავლობაში არსებობს, იგი ქონებაზე გადასახადს იხდის ამ პერიოდის პროპორციულად.
9. თუ იურიდიული პირი კალენდარული წლის დაწყების შემდეგ დაფუძნდა, მას შესაბამისი საგადასახადო პერიოდის მიხედვით მიმდინარე გადასახდელის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება. ამასთანავე, მომდევნო საგადასახადო პერიოდის მიხედვით მიმდინარე გადასახდელის ოდენობა განისაზღვრება გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის სრული ოდენობით.
10. დაშლის პროცესში მყოფი პირი (დაშლილი საზოგადოება) ვალდებულია საგადასახადო ორგანოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს დაშლის შესახებ და იმავე ვადაში წარუდგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია. 10 1 . გადასახადის გადამხდელი ვალდებულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გამოტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს გაკოტრების რეჟიმის გახსნამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემდეგ სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისად ქონების გადასახადის დეკლარაციებს არ წარადგენს.
11. ფიზიკური პირის ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე.
12. ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
13. ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ: ა) ამ კოდექსით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით მას საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა. ამასთანავე, თუ ფიზიკური პირი გასული საგადასახადო წლის მიხედვით იყო ქონების გადასახადის მიხედვით დეკლარანტი, იგი დეკლარაციის არწარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას საგადასახადო ორგანოს აცნობებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 1 ნოემბრისა; ბ) საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ. წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პროგრამულად არიცხავს ქონების გადასახადს. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად. 13 1 . საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის (მონაცემების) საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას პირი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისგან. ამ შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაციის (მონაცემების) საფუძველზე პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
14. ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
15. ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4963 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6330 – ვებგვერდი, 08.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6395 - ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7169 – ვებგვერდი, 25.09.2020წ. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2768 – ვებგვერდი, 18.04.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საგადასახადო კოდექსი