1.გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომელიც უფლებამოსილია: ა) უარი თქვას გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე; ბ) განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით.
2.საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რომელიც განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას.
3.გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულოს ამ შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში.
4.საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაწილობრივ ან სრულად გაუქმების/არგამოყენების შესახებ.
5.საგადასახადო შეთანხმების პირობების შესრულების შემდეგ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანება მცირდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
6.საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმება გაუქმებულად ითვლება და გადასახადის გადამხდელს დაეკისრება ჯარიმა გადაუხდელი თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
7.საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია შესაბამის საგადასახადო პერიოდზე დეკლარაციით დარიცხული თანხის შემცირება შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის წარდგენით.
8.საგადასახადო კონტროლის შედეგად დამატებით დარიცხული თანხის (საგადასახადო დავალიანების) შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია: ა) მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ შემოწმებული საგადასახადო პერიოდის ან საკითხის გადამოწმება ან/და გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის/სანქციის დარიცხვა, გარდა იმ პირთან დაკავშირებული საგადასახადო პერიოდისა ან საკითხისა, რომელიც გადასახადის გადამხდელს მასთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ შეერწყა; ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ დავის დაწყება ან განახლება ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.
9.საგადასახადო შეთანხმების გაუქმების შემთხვევაში უქმდება საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელის ამ შეთანხმების შედეგად წარმოშობილი უფლებები და ვალდებულებები.
10.საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით . საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №420 6 - ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 მაისის კანონი №4705 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4935 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4963 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6212 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №189 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ.


