„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით
Статья 12. პასუხისმგებლობა ინფორმაციის დაცვასა და გაცემასთან დაკავშირებით
1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, მონიტორინგის განმახორციელებელი პირების, საზედამხედველო ორგანოების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს (როგორც განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი ვადით მომუშავე თანამშრომლებს) არ აქვთ უფლება, შეატყობინონ გარიგების მონაწილე პირს ან სხვა პირს, რომ, ამ კანონით განსაზღვრული მათი ვალდებულებებიდან გამომდინარე, გარიგების შესახებ ინფორმაცია შესაბამის ორგანოს გადაეცა ან/და ხორციელდება ამ კანონის 10 3 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, საზედამხედველო ორგანოები, სამართალდამცავი ორგანოები, მათი ხელმძღვანელები და თანამშრომლები (როგორც განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი ვადით მომუშავე თანამშრომლები) ვალდებული არიან, უზრუნველყონ ამ კანონის შესაბამისად მიღებული იმ ინფორმაციის დაცვა, რომელიც შეიცავს პირად, საბანკო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოს, და ასეთი ინფორმაცია გასცენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს, საზედამხედველო ორგანოებს, მათ ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს (როგორც განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი ვადით მომუშავე თანამშრომლებს) არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა (მათ შორის, სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი) თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში განხორციელებული შესაბამისი მოქმედების შედეგად ნორმატიული აქტით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულების დარღვევისათვის, ანდა ასეთი ინფორმაციის დაცვისათვის ან გაცემისათვის, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა.
5. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, მონიტორინგის განმახორციელებელი პირების, საზედამხედველო ორგანოების, სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების მიერ ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულების დარღვევის შედეგად ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს ანაზღაურებს ზიანის მიმყენებელი – შესაბამისად ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი, საზედამხედველო ორგანო ან სამართალდამცავი ორგანო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ოდენობით.
