1.მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით განახორციელოს შიდა კონტროლი.
2.მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია (შიდა კონტროლის წესი) და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი შესრულების მიზნით. შიდა ინსტრუქციით უნდა დადგინდეს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის (მისი ფილიალისა და წარმომადგენლობის) შიგნით კლიენტისა და საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის იდენტიფიკაციის, ინფორმაციის ანალიზის, საეჭვო გარიგების გამოვლენისა და ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გაგზავნის, ამ კანონის 10 3 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შესრულების წესები და პროცედურები ამ კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტის მოთხოვნათა დაცვით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, აგრეთვე უნდა განისაზღვროს საეჭვო გარიგების გამოვლენისა და ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გაგზავნისათვის, ამ კანონის 10 3 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების მიღების დადასტურებისა და შესრულებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული და მისი უფლება-მოვალეობანი. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს, განსაზღვროს იმ პრინციპების ჩამონათვალი, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შიდა ინსტრუქცია, აგრეთვე გამოითხოვოს და განიხილოს შიდა ინსტრუქცია, მონიტორინგის განმახორციელებელ პირს მიუთითოს ამ ინსტრუქციის ნორმატიულ აქტებთან შეუსაბამობის შესახებ და მოსთხოვოს მისი შესწორება.
3.მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან მოახდინონ მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია ანუ შეიმუშაონ მონაცემთა აღრიცხვის სისტემა და უზრუნველყონ მისი წარმოება.
4.ინფორმაციის სისტემატიზაციისა და შიდა კონტროლის განხორციელებისათვის მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელმძღვანელი ვალდებულია ამისათვის სპეციალურად განსაზღვროს შესაბამისი პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული.
5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული ვალდებულია: ა) განახორციელოს ამ კანონის შესაბამისად შემუშავებული შიდა ინსტრუქციის შესრულების კონტროლი ინსტრუქციით გათვალისწინებული წესითა და პერიოდულობით; ბ) მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელმძღვანელს წერილობით, შიდა ინსტრუქციით გათვალისწინებული წესითა და პერიოდულობით მიაწოდოს ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ.
6.მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების გამოვლენის პროცესში ჩართული თანამშრომლის პერიოდული სწავლება.
7.ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშობების მომწყობი პირების (გარდა კაზინოებისა), ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირების, გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების გამცემი პირების, ნოტარიუსებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ამ კანონისა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლის წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს ნორმატიული აქტით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან შეთანხმებით. საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლის კანონი №3422 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.36 საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5952 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.55 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5580- ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 3 ივლისის კანონი №3901 - ვებგვერდი, 10.07.2015წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1909 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.





