1.თუ მონიტორინგის განმახორციელებელ პირს გაუჩნდა ეჭვი საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაში ან, მცდელობის მიუხედავად, კლიენტის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება ან თუ გარიგება არის ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარიგება, იგი ვალდებულია ამის შესახებ ცნობა მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ამ კანონითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმითა და წესით. 1 1 . თუ ადვოკატს გაუჩნდა ეჭვი საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაში ან, ცდის მიუხედავად, კლიენტის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება, ან თუ გარიგება არის ამ კანონის მე-5 მუხლის 2 3 პუნქტით გათვალისწინებული გარიგება, იგი ვალდებულია ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი ცნობის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ამ კანონითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმითა და წესით წარდგენას.
2.საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ცნობის მიწოდება გულისხმობს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ გარიგების შესახებ ანგარიშგების შესაბამისი ფორმის შევსებას, გაგზავნას და სამსახურის მიერ მისი მიღების დადასტურებას. ანგარიშგება უნდა გაიგზავნოს იდენტიფიკაციის შეუძლებლობის ან საიდენტიფიკაციო მონაცემების ან გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის გაჩენის დღესვე, ხოლო თუ გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება ამ კანონის მე-5 მუხლით დადგენილ ზღვარს – გარიგების დადებიდან ან შესრულებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა. თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დაკავშირებულია მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ინფორმაციის მიღების დღესვე გაუგზავნოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგება თავის ხელთ არსებულ ყველა სათანადო მასალასთან და დოკუმენტთან ერთად.
3.მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია შეინახოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა (წერილობითი ან ელექტრონული) არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე.
4.საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს გამონაკლისები, როდესაც სამსახურს ცნობა არ მიეწოდება, მიუხედავად იმისა, რომ გარიგება არის ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარიგება. როგორც წესი, ეს დებულება გამოიყენება იმ შემთხვევისათვის, როდესაც გარიგება საეჭვო არ არის ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე. საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლის კანონი №3422 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.36 საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4518 - სსმ I, №9, 31.03.2007 წ., მუხ.83 საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5952 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.55 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5580- ვებგვერდი, 28.12.2011 წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1 638 - ვებგვერდი, 10 .1 2 .2013წ.



