4. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას: ა) ამ დებულების მე-13 მუხლის შესაბამისად შედგენილ განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების ფორმას; ბ) პრეტენდენტის სატენდერო წინადადების შედგენისა და წარდგენის წესს; გ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მონაცემების სრულ აღწერას, მათ შორის შესაბამის სტანდარტებს, ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს, საჭიროების შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის ალტერნატიულ ტექნიკურ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს; დ) შესასყიდი საქონლის რაოდენობის, სამუშაოების, მომსახურების მოცულობის, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურეობის გაწევის სავალდებულო ან სასურველი ვადების და ადგილის, სახელმწიფო შესყიდვის შესრულების პროცესში დამატებითი მომსახურების გაწევის საჭიროების ან მისი აუცილებლობის წარმოქმნის შესაძლებლობის შესახებ (ასეთი მომსახურების აღწერის ჩათვლით) და სხვა მონაცემებს, რომელთა მითითებასაც შემსყიდველი ორგანიზაცია ჩათვლის საჭიროდ შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით; ე) მოთხოვნას წარმოსადგენ ნიმუშებზე, მათ რაოდენობასა და ტიპზე; ვ) მოთხოვნას შემოთავაზებული საქონლის ხარისხის დადასტურების შესახებ, აგრეთვე იმ სპეციალური ტესტებისა და მეთოდების აღწერას, რომლებიც გამოყენებულ იქნება საქონლის ხარისხის დადგენისას, მშენებლობის შემთხვევაში – მისი ტექნიკური პარამეტრების სატენდერო დოკუმენტაციას მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისას, ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვისას აუცილებლობის შემთხვევაში შეფასების ძირითადი პარამეტრების მოთხოვნილ დონესთან შესაბამისობის დასადგენად გამოყენებულ მეთოდებს; ზ) სატენდერო წინადადების ფასის გაანგარიშების წესს, იმის მითითებით, საქონლის, სამუშაოების მომსახურების ღირებულების გარდა უნდა შეიცავდეს თუ არა იგი სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა); თ) მითითებას იმ კონვერტირებადი ვალუტის შესახებ, რომელშიც უნდა იყოს გაანგარიშებული სატენდერო წინადადების ფასი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებების ფასის გაანგარიშება დაშვებელია სხვადასხვა ვალუტაში – მითითებას მათი სავალუტო კურსის თაობაზე ეროვნული ვალუტის მიმართ; ი) მითითებას იმის შესახებ, ქართული ენის გარდა, თუ რა ენაზე შეიძლება სატენდერო წინადადებების წარდგენა; კ) სატენდერო წინადადებების წარდგენისა ვადასა და ადგილს; ლ) მითითებას იმის შესახებ, დასაშვებია თუ არა ალტერნატიული წინადადებების ან შესყიდვის ობიექტის მხოლოდ რომელიმე ნაწილთან დაკავშირებული წინადადებების წარდგენა (ამ ნაწილის აღწერის ან/და მოცულობის მითითების ჩათვლით); მ) მითითებას პრეტენდენტების მიერ სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ, შესაბამისი პროცედურების აღწერას, შემსყიდველი ორგანიზაციის იმ თანამშრომელთა ვინაობას და საკონტაქტო კოორდინატებს, რომელთაც უფლება აქვთ იქონიონ კავშირი პრეტენდენტებთან და მიაწოდონ მათ ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ. ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების შემთხვევაში, ინფორმაციას იმის შესახებ, აპირებს თუ არა შემსყიდველი ორგანიზაცია სატენდერო წინადადებების მიღების დაწყებამდე პრეტენდენტების საერთო კრების ჩატარებას ან/და სახელმწიფო შესყიდვის შესრულების ადგილის დათვალიერებისათვის მათ მოწვევას, კრების ჩატარების (დათვალიერების) ადგილისა და თარიღის მითითებით; ნ) მოთხოვნას სატენდერო წინადადებების მოქმედების მინიმალური ვადის თაობაზე. ვადის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ტენდერის ხანგრძლივობა, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების სავარაუდო ვადა და ამ პროცესში შესაძლო დაბრკოლებები; ო) შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის (გარანტიის), სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების გარანტირების, შესყიდვის ობიექტის და ხელშეკრულების შესრულების ცალკეული ეტაპების დაზღვევის თაობაზე, წარმოსადგენი გარანტიების ღირებულების ოდენობისა და ფორმის, დაზღვევის პირობების ჩათვლით; პ) მითითებას იმ დამატებით ვალდებულებებზე, რომლებიც უნდა იკისროს მიმწოდებელმა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების გარდა (მაგალითად, ტექნოლოგიის გადაცემა, ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების გადაცემა, სპეციალისტების ტრენინგი და სხვა); ჟ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ძირითადი პირობების შესახებ; რ) პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებათა გახსნის თარიღის, ადგილისა და წესის შესახებ; ს) სატენდერო წინადადებების შეფასებისათვის, დადგენილი კრიტერიუმების, მათი პრიორიტეტულობის კოეფიციენტების და შეფასების წესის შესახებ; ტ) მითითებას იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა ტენდერის შედეგად რამდენიმე გამარჯვებულის გამოვლენა, რომლებსაც მიენიჭებათ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ცალკეული ნაწილების (ელემენტების) შესრულების უფლება; უ) მითითებას ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით დაწესებული პრეფერენციული შეღავათისა და ამ დებულებით განსაზღვრული მისი გამოყენების წესის შესახებ; ფ) მითითებას პრეტენდენტების უფლებების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია სატენდერო წინადადების გატანასთან, მასში ცვლილებების შეტანასთან, წარმოდგენილი გარანტიების და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნებასთან, წარმოქმნილი პრეტენზიების გასაჩივრებასთან; ქ) მითითებას შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებაზე, კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შემთხვევაში, შეწყვიტოს ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე შესყიდვის განხორციელება ან უარყოს ყველა სატენდერო წინადადება; ღ) ნებისმიერ სხვა მოთხოვნას, რომელიც შეიძლება გააჩნდეს შემსყიდველ ორგანიზაციას სატენდერო წინადადებების მიმართ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონისა და ამ დებულების შესაბამისად.