Статья 28. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები
1. ამ მუხლის შემუშავების საფუძველს წარმოადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტს შეიმუშავებს შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების დროს.
3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტის საფუძველზე შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებისა და შესაბამისად, ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების პირობების, ფასთა კოტირების მეთოდის გამოყენების ან ერთ პირთან მოლაპარაკების შემთხვევაში ამ პირთან მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით ხდება ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტის შედგენა. ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადების დროს მოლაპარაკება დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულების პირობების დაზუსტების და არა არსებითი ცვლილებების შეტანის მიზნით.
4. სახლმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი აუცილებელი ელემენტები და პირობები: ა) ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები; ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები, ძირითადი მახასიათებლები და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაოდენობა, ერთეულის ან/და მთლიანი ღირებულება; გ) ხელშეკრულების ჯამური ღირებულება (ფასდათმობების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით); დ) შესასყიდი საქონლის, სამუშაოს, მომსახურების ხარისხი. საჭიროების შემთხვევაში, არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობა; ე) საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების, მომსახურების გაწევის ეტაპობრივი ვადები და ადგილი; ვ) საქონლის, სამუშაოების, მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი; ზ) ანგარიშსწორების ფორმა, გრაფიკი (ვადები) და ადგილი; თ) ხელშეკრულების შესრულების გარანტია (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში); ი) მხარეთა უფლება-მოვალეობანი; კ) მხარეთა პასუხიმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის; ლ) ფორს-მაჟორული სიტუაციები; მ) ხელშეკრულების პირობების, მათ შორის ფასების გადასინჯვის შესაძლებლობა; ნ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა; ო) დავების გადაწყვეტის წესი; პ) სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში, თუ სამშენებლო ობიექტი განლაგებულია საქართველოს ტერიტორიაზე – მითითება იმის შესახებ, რომ სამუშაოების შესრულებაში მონაწილე საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისა და მუშა-მოსამსახურეების შემადგენლობაში არანაკლებ 70% უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები; ჟ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ინსპექტირების პირობები.
