Статья 21. ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის წესი
1. ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის წესი შემუშავებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მე-3 და მე-6 მუხლების საფუძველზე.
2. ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა წარმოადგენს განსაკუთრებული სახის შესყიდვას, რომლის ობიექტია ინტელექტუალური და სხვა სახის საკონსულტაციო მომსახურება, მომსახურება განათლების სფეროში, მომსახურება ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, მომსახურება რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის სფეროში, მმართველობითი მომსახურება, მომსახურება არქიტექტურის, საინჟინრო გამოკვლევისა და მასთან დაკავშირებული ტექნიკური დარგების სფეროში, მეცნიერული კვლევები და ექსპერიმენტები, საპროექტო სამუშაოები, სასწავლო-საგანმანათლებლო სფეროში სახელმწიფო დაკვეთის განთავსება და საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით განსაზღვრული საქმიანობის სახეები, რომლებიც მიეკუთვნება ინტელექტუალურ მომსახურებას.
3. საკვალიფიკაციო შერჩევის ეტაპზე სატენდერო კომისია განიხილავს და აფასებს საკვალიფიკაციო მონაცემებს. სატენდერო კომისიაში შემოსული საკვალიფიკაციო მონაცემები საექსპერტო დასკვნისათვის წარედგინება შესასყიდი მომსახურების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს საექსპერტო კომისიას, რომლის დასკვნაც წარმოადგენს სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტთა შერჩევის საფუძველს.
