1.ნებართვის გამცემი ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და ამ კანონის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2.ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით გაიცემა შემდეგი ნებართვები: ა) მშენებლობის (მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების მშენებლობის) ნებართვა; ბ) არქიტექტურული ობიექტის სტრუქტურულ-ფუნქციური წყობისა და იერსახის შეცვლის ნებართვა; გ) ადგილობრივი (საქალაქო, საგარეუბნო), საქალაქთაშორისო და საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო საავტომობილო გადაყვანის ნებართვა.
3.გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის, მისი მოქმედების შეჩერების ან განახლების ან მისი გაუქმების შესახებ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციული აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
4.ნებართვის გამცემი ვალდებულია უზრუნველყოს ნებართვის მაძიებლის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
5.საჭიროების შემთხვევაში ნებართვის გამცემი ნებართვის მაძიებელს აძლევს 3 დღეს კანონით გათვალისწინებული დამატებითი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის წარსადგენად. ამ ვადის გაგრძელება ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
6.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როცა ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებაში წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულოა, განცხადების განხილვის ვადა შეჩერებულად ითვლება წარმომადგენლის დანიშვნამდე.
7.ნებართვის მაძიებლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა იწვევს ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას, თუ ამ მოთხოვნათა შესრულების გარეშე შეუძლებელია ნებართვის გამცემის მიერ გადაწყვეტილების მიღება.
8.ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოებისას მოწმე და ექსპერტი ვალდებულნი არიან მისცენ ახსნა-განმარტება.
9.ნებართვის გამცემი ან საზოგადოებრივი ექსპერტი დასკვნას წარადგენს 7 დღეში. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა ამ ვადაში დასკვნის წარდგენა შეუძლებელია და საქმის გარემოებების გათვალისწინებით დასკვნის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა მიზანშეუწონელია, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია, ხოლო დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია დასკვნის წარდგენის ვადა გააგრძელოს არა უმეტეს 7 დღით. დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება.
10.ნებართვის მაძიებელი ნებართვის გამცემს 3 დღის ვადაში წარუდგენს მოსაზრებებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
11.ნებართვის გამცემი ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში გასცემს სანებართვო მოწმობას.
12.ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევა ჩაითვლება ნებართვის გაცემაზე უარის თქმად და გასაჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
13.საერთაშორისო საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის მისაღებად, ამ კანონით გათვალისწინებული პირობების გარდა, დამატებითი სანებართვო პირობები განისაზღვრება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ან/და კანონით.






