Статья 20. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და სხვა უძრავ ნივთებზე ფიზიკური პირის და კომლის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და სხვა უძრავ ნივთებზე ფიზიკური პირის და კომლის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს: ა) მიწის მიღება-ჩაბარების აქტი ან სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწის განაწილების სია (სიას უნდა დაერთოს მიწის გამოყოფის გეგმა) ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია ან მიწების განაწილების სია, მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურების გარეშე; ბ) კომლის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, მიუხედავად იმისა, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მხოლოდ კომლის უფროსია დაფიქსირებული თუ კომლის ყველა წევრი, საკრებულოს ცნობა კომლის შემადგენლობის შესახებ ან ამონაწერი ზონარგაყრილი (საკომლო) წიგნიდან. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნული კომლის უფროსის ან კომლის რომელიმე წევრის გარდაცვალების შემთხვევაში აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
