Статья 10. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის თანამესაკუთრის/მოიჯარის უპირატესი შესყიდვის უფლება
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებისას თანამესაკუთრე სარგებლობს წილის უპირატესი შესყიდვის უფლებით. უპირატესი შესყიდვის უფლებით სარგებლობს აგრეთვე კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მოიჯარე, თუ იჯარის უფლების რეგისტრაციიდან არანაკლებ 2 წელია გასული. ამ უფლებით არ სარგებლობენ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სუბიექტები.
2. უპირატესი შესყიდვის უფლებად მიიჩნევა პირის ვალდებულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შესთავაზოს იმავე ფასითა და პირობებით, რომლებითაც ის ამ მიწის მესამე პირისათვის მიყიდვას აპირებს.
3. პირი, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება სურს, ვალდებულია უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეტყობინება გაუგზავნოს დაზღვეული წერილით, ფოსტის მეშვეობით, საქართველოში არსებულ რეგისტრაციის მისამართზე, ხოლო შეტყობინების ჩაბარების სხვა წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს ნასყიდობის საგანი, ნასყიდობის ფასი, ანგარიშსწორების ვადა, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესახებ ინფორმაცია და უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების ვადა, რომელიც 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს. ეს ვადა აითვლება შეტყობინების უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან.
4. პირი, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება სურს, უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან გამოითხოვოს ინფორმაცია უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირის საქართველოში არსებული რეგისტრაციის მისამართის შესახებ. აღნიშნული სააგენტო ვალდებულია გასცეს ეს ინფორმაცია.
