საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
Статья 26. ტვირთის გაცემა
1. დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთი გაიცემა გადაზიდვის დოკუმენტებში მითითებულ ტვირთმიმღებზე, ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. ტვირთმიმღები ტვირთის მიღებას სათანადო მინდობილობის წარდგენის შემდეგ ადასტურებს საგზაო უწყისში ხელმოწერით.
2. თუ ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი არ იხდის ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურს, რკინიგზას უფლება აქვს დააკავოს ტვირთი და ამის შესახებ წერილობით შეატყობინოს ტვირთგამგზავნს, რომელიც ვალდებულია, შეტყობინების მიღებიდან 4 დღე-ღამის განმავლობაში განკარგოს ტვირთი. თუ აღნიშნულ ვადაში გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი არ დაფარავს დავალიანებას, ხოლო ტვირთგამგზავნი არ განკარგავს ტვირთს, რკინიგზა უფლებამოსილია მოახდინოს დაკავებული ტვირთის რეალიზაცია. რეალიზაციას არ ექვემდებარება: ა) სახელმწიფო და თავდაცვითი დანიშნულების სპეციალური (მათ შორის, სამხედრო დანიშნულების) ტვირთი; ბ) ტვირთი, რომლის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდა ხორციელდება დანიშნულების რკინიგზის სადგურში ამ კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად; გ ) საბაჟო ორგანოსა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოების მიერ ჩამორთმეული ტვირთი და ის ტვირთი , რომლის მიღებაზედაც ტვირთმიმღებმა ( ტვირთგამგზავნმა ) ან ექსპედიტორმა უარი თქვა სახელმწიფოს სასარგებლოდ . ასეთ შემთხვევაში რკინიგზისათვის ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის ( სამუშაოს შესრულების ) საფასურის გადახდას უზრუნველყოფენ აღნიშნული ორგანოები ტვირთის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან .
