საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
Статья 25. ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადა
1. რკინიგზა ვალდებულია, ტვირთი დანიშნულების ადგილზე მიიტანოს დადგენილ ვადაში. ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადა და მისი გამოთვლის წესი განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ და სარკინიგზო მიმოსვლის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით).
2. რკინიგზასა და ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) შორის დადებული გადაზიდვის ხელშეკრულებით შეიძლება დაწესდეს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადისაგან განსხვავებული ვადა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებსა“ და სარკინიგზო მიმოსვლის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს (შეთანხმებებს).
3. ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადის ათვლა იწყება ტვირთის გადასაზიდად მიღების დღის 24 საათიდან. ტვირთის გადასაზიდად მიღების დღეს და დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადის გასვლის დღეს გამგზავნი რკინიგზის სადგური აღნიშნავს ზედნადებსა და ტვირთგამგზავნისთვის გადაცემულ, ტვირთის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტებში.
4. ტვირთი დანიშნულების ადგილზე დადგენილ ვადაში მიტანილად ითვლება, თუ: ა) რკინიგზის მიერ დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთი გადმოტვირთულია ან დატვირთული ვაგონი (კონტეინერი) დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთმიმღებს გადმოსატვირთად მიეწოდა დადგენილი ვადის გასვლამდე; ბ) დატვირთული ვაგონი (კონტეინერი) დანიშნულების რკინიგზის სადგურში მისულია დადგენილი ვადის გასვლამდე და მისი გადმოტვირთვის ადგილზე მიწოდება დაყოვნებულია ტვირთმიმღების მიერ გადმოტვირთის ადგილის დაკავების, ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადაუხდელობის გამო; გ) დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთის (ვაგონის, კონტეინერის) მიწოდება დაყოვნებულია ტვირთმიმღების მიზეზით (დაკავებულია მისი კუთვნილი სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი, ტერმინალში არ გააჩნია თავისუფალი სათავსო და სხვა) ან დანიშნულების რკინიგზის სადგურის ლიანდაგის დაკავებულობის გამო, როდესაც რკინიგზა იძულებულია, ტვირთი გააჩეროს გზად მდებარე რკინიგზის სადგურში. ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიწოდების დაყოვნებისას დგება საერთო ფორმის აქტი, რომლის საფუძველზედაც ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად ვალდებულია გადაუხადოს რკინიგზას საფასური ამ კოდექსის 50-ე მუხლით დადგენილი წესით.
