საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
Статья 37^6. ბილეთის საფასურის ანაზღაურება და მარშრუტის შეცვლა
1. თუ გონივრული ვარაუდის საფუძველზე მოსალოდნელია, რომ მგზავრის გადაყვანის შესახებ ხელშეკრულებაში (ბილეთში) მითითებულ დანიშნულების პუნქტში ჩასვლა 60 წუთით ან უფრო მეტი ხნით დაგვიანდება, დაგვიანებული მომსახურების გამწევმა სარკინიგზო საწარმომ მგზავრს დაუყოვნებლივ უნდა შესთავაზოს შემდეგი უფლებებით სარგებლობა, რომელთაგან მგზავრი ერთ-ერთს აირჩევს: ა) მგზავრისთვის ბილეთის მთლიანი საფასურის ანაზღაურება მარშრუტის იმ მონაკვეთზე (მონაკვეთებზე), რომელზედაც (რომლებზედაც) მგზავრობა არ განხორციელდა, და იმ მონაკვეთზე (მონაკვეთებზე), რომელზედაც (რომლებზედაც) მგზავრობა უკვე განხორციელდა, თუ მგზავრის თავდაპირველი მგზავრობის გეგმა ვერ სრულდება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში მგზავრის გამგზავრების საწყის პუნქტში დაბრუნების მომსახურებით უზრუნველყოფა პირველი შესაძლებლობისთანავე; ბ) მგზავრობის გაგრძელება ან მარშრუტის შეცვლა დანიშნულების პუნქტში ჩასასვლელად მსგავსი სატრანსპორტო პირობებით, პირველი შესაძლებლობისთანავე; გ) მგზავრობის გაგრძელება ან მარშრუტის შეცვლა დანიშნულების პუნქტში ჩასასვლელად მსგავსი სატრანსპორტო პირობებით, მგზავრისთვის მოსახერხებელ დროს.
2. მიუხედავად იმისა, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მსგავსი სატრანსპორტო პირობებით მარშრუტის შეცვლას დაგვიანებული მომსახურების გამწევი სარკინიგზო საწარმო ან სხვა სარკინიგზო საწარმო ახორციელებს, აუცილებელი არ უნდა გახდეს მგზავრის მიერ დამატებითი ხარჯების გაწევა. ეს მოთხოვნა ვრცელდება აგრეთვე იმ შემთხვევაზე, როდესაც მარშრუტის შეცვლა გულისხმობს უფრო მაღალი კლასის ან ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალების გამოყენებას. სარკინიგზო საწარმომ უნდა განახორციელოს გონივრული ძალისხმევა დამატებითი, დაკავშირებული რეისების/გადასხდომების თავიდან ასაცილებლად და უნდა უზრუნველყოს მგზავრობის მთლიანი დროის ფარგლებში შეძლებისდაგვარად მცირე ხნით დაგვიანება. მგზავრი არ უნდა განთავსდეს უფრო დაბალი კლასის სატრანსპორტო საშუალებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს საშუალება მარშრუტის შეცვლისთვის ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივაა.
