Статья 15. დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება)
1. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ფორმებია: ა) რეზიდენტურა; ბ) რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება).
2. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) უფლება აქვს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს, რომელმაც ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მოიპოვა ქულების დადგენილი რაოდენობა. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს საბჭო. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.
3. რეზიდენტურაში მზადება ხორციელდება სარეზიდენტო პროგრამით, რომელსაც საბჭოს მიერ სარეზიდენტო პროგრამის აკრედიტაციის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სამინისტრო. რეზიდენტურაში მზადებას, საჭიროების შესაბამისად, აფინანსებს სახელმწიფო. 3 1 . სარეზიდენტო პროგრამების აკრედიტაციის კრიტერიუმებსა და წესს შეიმუშავებს საბჭო და ამტკიცებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ერთობლივი ნორმატიული აქტით. 3 2 . რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესს შეიმუშავებს საბჭო და ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნორმატიული აქტით. 3 3 . რეზიდენტურაში მზადების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხება რეზიდენტურაში.
