Статья 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის მიზნით საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად (შემდგომში - საერთაშორისო შეთანხმება) საგადასახადო შეღავათით სარგებლობის, ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების და საქართველოს რეზიდენტობის დადასტურების პროცედურებს.
2. საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული ნორმების გამოყენება და საგადასახადო ორგანოს ინფორმირება ხორციელდება ამ ბრძანებით დამტკიცებული ფორმების მეშვეობით, კერძოდ: ა) საქართველოს რეზიდენტის მიერ ივსება: ფორმა №1 „საგადასახადო აგენტის ინფორმაცია არარეზიდენტისათვის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებაზე ან შემცირებაზე“ და ფორმა №4 “რეზიდენტობის ცნობის მოთხოვნა“; ბ) საქართველოს არარეზიდენტის მიერ ივსება: ფორმა №2 “არარეზიდენტის დეკლარაცია საქართველოში გადახდილი/დაკავებული გადასახადების შესახებ და მოთხოვნა თანხის დაბრუნების თაობაზე” და ფორმა №3 “არარეზიდენტის მიერ საქართველოში გადახდილი/დაკავებული გადასახადების შესახებ ცნობის მოთხოვნა“; გ) საგადასახადო ორგანოს მიერ ივსება: ფორმა №3-ის V ნაწილი „საქართველოს საგადასახადო ორგანოს ცნობა” და ფორმა №4-ის II ნაწილი “რეზიდენტობის ცნობა შესაბამისი წლისთვის”.
