Статья 24. საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნა
1. საუბნო საარჩევნო კომისია შედგება არაუმეტეს 17 წევრისგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები.
2. საუბნო საარჩევნო კომისიის 8 წევრს, მათ შორის, აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს, ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით, იმ პირობით, რომ კანდიდატურას მხარი დაუჭირა, მათ შორის, ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეულმა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის 3-მა წევრმა მაინც. ამ პუნქტით განსაზღვრულ არჩევის პროცედურაში საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ მონაწილეობს, თუ ის არის შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის ოჯახის წევრი (მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი).
3. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის 8 წევრს, მათ შორის, აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს, ირჩევს ცესკო ამ მუხლითა და ამ კანონის 25-ე და 25 1 მუხლებით დადგენილი წესით.
4. საუბნო საარჩევნო კომისიის 9 წევრს ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ შესაბამისი პარტიები.
