Статья 25^1. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა არჩევა
1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი (საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები) იმავდროულად არიან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. აღნიშნულ პირთა უფლებამოსილებების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს საუბნო საარჩევნო კომისიაში მათი წევრობის შეწყვეტას.
2. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს ამ მუხლითა და ამ კანონის 24-ე და 25-ე მუხლებით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.
3. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს ამ მუხლითა და ამ კანონის 24-ე და 25-ე მუხლებით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში ირჩევს ცესკო.
4. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესს, საკონკურსო პირობებს, ვადებს და აღნიშნულ პირთა არჩევის წესს განკარგულებით ადგენს ცესკო.
5. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირად შეიძლება აირჩეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 24-ე მუხლის მე-6 და 6 1 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატი, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
