Статья 33. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია
1. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ამომრჩეველთა (გარდა კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლებისა) ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე, თუ: ა) ამომრჩეველს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა; ბ) ამომრჩეველი პატიმრობაში იმყოფება; ბ 1 ) ამომრჩეველი ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება; გ) ამომრჩეველი სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი; დ) ამომრჩეველი: დ.ა) მსახურობს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში ან სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორსაა განლაგებული; დ.ბ) ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული პირია და კენჭისყრის პერიოდში განსაკუთრებული სამსახურებრივი პირობების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ტოვებს სამუშაო ადგილს; დ.გ) მსახურობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და სამსახურის პირობების გამო სამუშაო ადგილის დატოვება არ შეუძლია; ე) იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას.
2. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი ხმის გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა. კენჭისყრის დღეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისია გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა. ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეიყვანება მას შემდეგ, რაც: ა) საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას (ამ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) ან სატელეფონო შეტყობინებით მიღებულ ზეპირ განცხადებას (ამ შემთხვევაში მიეთითება ამომრჩევლის პირადი ნომერი, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დრო და შესაბამისი ტელეფონის ნომერი); ბ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში ან სპეციალურ სიაში აღინიშნება ამომრჩევლის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში გადაყვანა, რაც დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით.
