Статья 54. საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯები
1. საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანია უნდა დაფინანსდეს: ა) პოლიტიკური პარტიის ფონდიდან; ბ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გახსნილი საარჩევნო ფონდიდან − დამოუკიდებელი კანდიდატის კამპანიის დასაფინანსებლად.
2. საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი სარგებლობს მისი წარმდგენი სუბიექტის ფონდით.
3. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში გახსნის საფუძველია შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციაში გატარების შესახებ.
4. საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ანტიკორუფციულ ბიუროს (შემდგომ − ანტიკორუფციული ბიურო) წარუდგინოს ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშის შესახებ, რომლიდანაც დაფინანსდება საარჩევნო კამპანია. აღნიშნული ფონდის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს აგრეთვე საარჩევნო კამპანიის ფონდის მართვისთვის პასუხისმგებელ პირთა საკონტაქტო მონაცემებს.
5. საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯებად ითვლება საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიისათვის განკუთვნილი და შესაბამის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი სახსრების ერთობლიობა, აგრეთვე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონელი და მომსახურება (ასახული საბაზრო ფასებით), გარდა კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო სარეკლამო დროის ღირებულებისა.
