Статья 71. საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა
1. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ყველა მონაცემის დადგენისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი არსებული მონაცემების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ავსებს კენჭისყრის შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელ ოქმს.
2. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს დგება 1 შემაჯამებელი ოქმი, ხოლო მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დროს − 2 შემაჯამებელი ოქმი. ერთი ოქმი დგება პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების, ხოლო მეორე ოქმი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით. თვითმმართველი ქალაქის (მათ შორის, ქალაქ თბილისის)/თვითმმართველი თემის მერის და შუალედური არჩევნების დროს დგება 1 შემაჯამებელი ოქმი.
3. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება: ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება, საარჩევნო უბნის ნომერი; ბ) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი იმ საარჩევნო უბნის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც მიმაგრებულია ძირითად საარჩევნო უბანზე; გ) არჩევნების/რეფერენდუმის დასახელება, საარჩევნო სისტემა (პროპორციული, მაჟორიტარული); დ) კენჭისყრის თარიღი (თუ ეს არის განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე ტური, ესეც უნდა აღინიშნოს); ე) საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდისა და ამომრჩეველთა რეგისტრატორების ბეჭდების ნომრები; ვ) ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა; ზ) სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა; თ) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ამომრჩეველთა სიებში 12 საათსა და 17 საათზე; ი) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების მიხედვით); კ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა; ლ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა; მ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობა; ნ) ოქმის შედგენის თარიღი და დრო; ო) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას).
