1.სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.
2.იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით; ბ) არაერთგზის; გ) ჯგუფურად, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
4.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2395 – ვებგვერდი, 08.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3772 – ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3446 – ვებგვერდი, 18.07.2023წ.




