1.პირის მიერ აქციზური მარკების მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და სხვა პირისათვის გადაცემა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის იმპორტიორის მიერ აქციზური მარკები საქონელზე დასატანად გადაეცემა იმპორტირებული აქციზური საქონლის მწარმოებელს,– ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6 თვემდე.
2.იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ; გ) დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
3.იგივე ქმედება, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
4.იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით გათვალისწინებული ქმედებისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დიდ ოდენობად ჩაითვლება 1 000 ცალზე მეტი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად 5 000 ცალზე მეტი აქციზური მარკის მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და მათი სხვა პირისათვის გადაცემა. აქციზური მარკების მეორად გამოყენებად ითვლება მათი ნიშანდებული საქონლიდან აძრობა და სხვა ანალოგიური სახეობის არამარკირებულ საქონელზე დატანა. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №917 – სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.27 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4377 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №163 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.




