სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი
Статья 26^2. ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები
1. ინსპექტირება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება: ა) ცხოველის, ცხოველური პროდუქტის, ვეტერინარული პრეპარატის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპების ცალკეული ასპექტების გამოკვლევა, ცხოველის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორის საქმიანობის შემოწმება მისი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წესებთან შესაბამისობის დასადგენად და რომელიც მოიცავს: ა.ა) ბიზნესოპერატორის საქმიანობის შემოწმებას წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე, აგრეთვე ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კეთილდღეობის შესაფასებლად; ა.ბ) დოკუმენტური შემოწმების განხორციელებას; ა.გ) საჭიროების შემთხვევაში სინჯის, ნიმუშის, პათოლოგიური მასალის აღებას და ლაბორატორიულ გამოკვლევას; ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წესებთან შესაბამისობის დასადგენად ცხოველის იდენტიფიკაცია − ცხოველის რეგისტრაციის, მისი სადგომის/დროებითი სადგომის, ვეტერინარული სამსახურის საქმიანობისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო, საქართველოში სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებული ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და წესების დაცვის შემოწმება.
