Статья 20^1. კორესპონდენციის ჩაბარების წესი და პროცედურა
1. სააგენტო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
2. დოკუმენტის პირისთვის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს სააგენტო.
3. პირისთვის ერთი დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში ამ დოკუმენტის ჩაბარების თარიღად ითვლება მისი პირველად ჩაბარების თარიღი.
4. პირისთვის დოკუმენტის წერილობითი ფორმით წარდგენისას ამ პირის მიერ მის ჩაბარებაზე უარის განცხადების შემთხვევაში დოკუმენტის წარმდგენი პირი აკეთებს შესაბამის აღნიშვნას.
5. პირს დოკუმენტი შეიძლება გაეგზავნოს ფოსტით ან/და ელექტრონული ფოსტით.
6. პირისთვის ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების დადასტურების შემთხვევაში.
7. სააგენტოს წერილობითი დოკუმენტი უნდა ჩაჰბარდეს ადრესატს, მის წარმომადგენელს, მისი ოჯახის წევრს ან მისი სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. ამ პუნქტის მიზნებისთვის ადრესატის ოჯახის წევრებად ითვლებიან მასთან მუდმივად მცხოვრები ახლო ნათესავები, მათ შორის: მეუღლე, დედა, მამა, და, ძმა, ბებია, ბაბუა, სრულწლოვანი შვილი, სრულწლოვანი შვილიშვილი, ნებისმიერი სხვა სრულწლოვანი პირი (მიუხედავად ადრესატთან ნათესაური კავშირისა), რომელიც მასთან ერთად საერთო საოჯახო საქმიანობას ეწევა.
