1.სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი ელექტრონული დოკუმენტის ან მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ასლი, თუ არსებობს შემდეგ გარემოებათაგან ერთ-ერთი მაინც: ა) დაინტერესებულ პირსა და სააგენტოს უფლებამოსილ პირს შორის კომუნიკაცია პირდაპირი ვიზუალური კონტაქტით ხორციელდება და დაინტერესებული პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის ან/და მონაცემთა შესაბამის ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი სხვა წესით; ბ) დოკუმენტი დადასტურებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით; გ) დოკუმენტი წარდგენილია ავტორიზებული დაინტერესებული პირის მიერ ან ავტორიზებული პირის მეშვეობით; დ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ელექტრონული დოკუმენტის ან მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ასლის სააგენტოსათვის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების (მობილური აპლიკაცია, ვებგვერდი და სხვა) ან სხვა ტექნიკური საშუალების მეშვეობით. სააგენტოსათვის წარდგენილ დოკუმენტს იურიდიული ძალა აქვს და საწინააღმდეგოს დადგენამდე ის უტყუარად მიიჩნევა. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის მიზნით ელექტრონული დოკუმენტის ან მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ასლის წარდგენის, მიღებისა და გამოყენების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
3.საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს: ა) მომსახურების გაწევისათვის ელექტრონული სახით წარდგენილი (ატვირთული) დოკუმენტების (ან მათი ნაწილის) მატერიალური სახით წარდგენა; ბ) მომსახურების გაწევისათვის ელექტრონული სახით წარდგენილი (ატვირთული) დოკუმენტების გარდა, სხვა დოკუმენტების მატერიალური სახით წარდგენა, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყება დაინტერესებული პირის მიერ დოკუმენტების სააგენტოსთვის როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით სრულყოფილად წარდგენის შემდეგ.
5.მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების ელექტრონული სახით წარდგენის წესს, აგრეთვე ელექტრონული სახით წარდგენილი (ატვირთული) დოკუმენტების საფუძველზე მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 5 1 . სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის ავტორიზებულ პირად რეგისტრაცია, ავტორიზაცია, იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განახორციელოს დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების მეშვეობით ან/და დაინტერესებული პირის სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებით, მასთან პირდაპირი ვიზუალური კონტაქტით. სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის ავტორიზებულ პირად რეგისტრაციის, ავტორიზაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მიზნით გამოიყენოს მონაცემთა შესაბამის ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაცია, აგრეთვე დაამუშაოს დაინტერესებული პირის შესახებ მონაცემები (მათ შორის, მონაცემთა სუბიექტის თანხმობით დაამუშაოს ბიომეტრიული მონაცემი) ფოტოგადაღებით, აუდიომონიტორინგით ან/და აუდიო- და ვიდეომონიტორინგით.
6.დაინტერესებული პირის ავტორიზებულ პირად რეგისტრაციის, ავტორიზაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესსა და პირობებს, აგრეთვე ავტორიზებული პირის მიერ მისთვის მომსახურების გაწევისათვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სააგენტოსათვის წარდგენის წესსა და პირობებს და სააგენტოს მიერ მომსახურების ავტორიზებული პირისათვის გაწევის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.




