საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ
Статья 34. მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით ინიციირებული ავტორიზებული გადახდის ოპერაციის თანხის ანაზღაურება
1. გადამხდელი უფლებამოსილია საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან მიიღოს ანაზღაურება შესრულებულ ავტორიზებულ გადახდის ოპერაციაზე, რომელიც ინიციირებული იყო მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით, თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) ავტორიზაციის გაცემისას ავტორიზაცია არ განსაზღვრავდა გადახდის ოპერაციის ზუსტ თანხას; ბ) გადახდის ოპერაციის თანხა აჭარბებს იმ ოდენობას, რომლის გონივრული მოლოდინიც გადამხდელს შეეძლო ჰქონოდა წინა ხარჯვითი თავისებურებიდან, ჩარჩოხელშეკრულების პირობებიდან და არსებული შემთხვევის შესაბამისი გარემოებებიდან გამომდინარე.
2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მოთხოვნით, გადამხდელი ვალდებულია დაამტკიცოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ანაზღაურება უნდა განხორციელდეს შესრულებული გადახდის ოპერაციის სრული თანხის ოდენობით. ანაზღაურებულ თანხაზე სარგებლის თარიღი უნდა იყოს არაუგვიანეს თანხის დადებეტების თარიღისა.
4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს პირდაპირი დებეტის წესი, რომლის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებასთან ერთად, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელს ექნება ანაზღაურების უპირობო უფლება. პირდაპირი დებეტის წესი არ უნდა ზღუდავდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას.
