Статья 23. პარტიული სიებისა და საარჩევნო ოლქებში წარდგენილ კანდიდატთა რეგისტრაცია
1. პარტიულ სიას რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია მისთვის პარტიული სიის წარდგენიდან არა უგვიანეს 3 დღისა.
2. საარჩევნო ოლქში წარდგენილ კანდიდატებს რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია: დამოუკიდებელ კანდიდატებს – მათი წარდგენიდან არა უადრეს მე-3 და არა უგვიანეს მე-8 დღისა, პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ დასახელებულ კანდიდატებს – მათი წარმოდგენიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა. კანდიდატთა რეგისტრაცია მთავრდება არჩევნებამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა.
3. კანდიდატთა რეგისტრაციის შემდეგ სამი დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიები კანდიდატებს გადასცემენ კანდიდატის მოწმობებს.
4. პარტიული სიის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ არის შემდეგი საბუთები: პარტიის ან მისი რეგიონული ორგანოს ხელმძღვანელის (საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიათა ან მათი რეგიონული ორგანოების ხელმძღვანელთა) მიერ ხელმოწერილი განცხადება, თითოეული კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად).
5. საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ არის შემდეგი საბუთები: პარტიის ან მისი რეგიონული ორგანოს ხელმძღვანელის (საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიათა ან მათი რეგიონული ორგანოების ხელმძღვანელთა) წარდგინება, და სააღრიცხვო ბარათი, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატისათვის კი – კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის განცხადება, მხარდამჭერთა სია.
6. თუ წარდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, საარჩევნო კომისია პარტიულ სიას ან კანდიდატს რეგისტრაციაში არ გაატარებს.
7. დაუშვებელია ერთმა და იმავე პიროვნებამ კენჭი იყაროს სხვადასხვა პარტიული სიით ან შეტანილ იქნეს პარტიულ სიაში და იმავდროულად კენჭს იყრიდეს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, ან კენჭს იყრიდეს ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა. ამ მოთხოვნათა დარღვევისას კანდიდატურას არჩევნებიდან მოხსნის შესაბამისი საოლქო ან ცენტრალური საარჩევნო კომისია. თუ ამის შემდეგ პარტიულ სიაში აღმოჩნდება ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკრებულოს წევრობის კანდიდატთა დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები, პარტიულ სიას არჩევნებიდან მოხსნის შესაბამისი საარჩევნო კომისია.
