Статья 117. პარტიული სიის საარჩევნო რეგისტრაცია
1. პარტიული სია საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, თუ ამ კანონით განსაზღვრული ყველა საბუთი აკმაყოფილებს ამავე კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საბუთების წარდგენისთვის ამ კანონით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი არ განიხილება.
2. პარტიის მიერ წარდგენილ პარტიულ სიას ამოწმებს ცესკოს სათანადო სამსახური და ამ სიის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 26-ე დღისა, დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს, რომელიც 3 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 25-ე დღისა: ა) საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს პარტიულ სიას და პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატებს, თუ წარდგენილი პარტიული სია და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა, და მას 3 დღე ეძლევა სიისა და საბუთების სრულყოფისთვის.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები უნდა შემოწმდეს და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს მათი წარდგენიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე მე-20 დღისა. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას ან მის იმ ნაწილს, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს (თუ ამ ნაწილში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები არ არის), ხოლო დანარჩენი კანდიდატების შესახებ იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). თუ პარტიული სიის იმ ნაწილში, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები კანდიდატი დარჩა, არც პარტიული სია და არც პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატები რეგისტრაციაში არ გატარდება და ცესკოს თავმჯდომარე ზემოაღნიშნულ ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ამ პუნქტში აღნიშნული განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.
