ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
Статья 45^5. ინსაიდერული ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნებასთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. ემიტენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ საჯაროდ გაამჟღავნოს მასთან დაკავშირებული ინსაიდერული ინფორმაცია. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საკუთარი წესის შესაბამისად დაადგინოს აღნიშნული ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნების ფორმები, საშუალებები და ვადები.
2. ემიტენტს უფლება აქვს, საკუთარი პასუხისმგებლობით დააყოვნოს ინსაიდერული ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნება, თუ სრულდება შემდეგი 3 პირობა: ამ ინფორმაციის დაუყოვნებლივ საჯაროდ გამჟღავნებამ შეიძლება ემიტენტის ლეგიტიმური ინტერესები დააზიანოს, მისი საჯაროდ გამჟღავნების დაყოვნება საზოგადოებას შეცდომაში არ შეიყვანს და ემიტენტი უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვას. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიძლება განსაზღვროს დამატებითი შემთხვევები, როდესაც ემიტენტს უფლება აქვს, დააყოვნოს ინსაიდერული ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნება, აგრეთვე პირობები, რომლებიც ემიტენტმა მისი საჯაროდ გამჟღავნების დაყოვნებისას უნდა დაიცვას.
3. ემიტენტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ყველა ის ინსაიდერული ინფორმაცია, რომლის გამჟღავნების ვალდებულებაც მას ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე აკისრია, საჯაროდ ხელმისაწვდომი იყოს არანაკლებ 5 წლის განმავლობაში.
