1.საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად უცხო ქვეყნის გემები სარგებლობენ საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში მშვიდობიანი გავლის უფლებით.
2.უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდების, ატომური გემებისა და სპეციალური დანიშნულების გემების (საავარიო-მაშველი გემებისა და სამძებრო თვითმფრინავების გარდა) საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გავლის წესები განისაზღვრება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონით.
3.მშვიდობიან გავლაში იგულისხმება: ა) საქართველოს ტერიტორიული ზღვის გადაკვეთა შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე შეუსვლელად; ბ) საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში შესვლა, ნავსადგურის ნაგებობებთან და რეიდზე დგომა, შიდა საზღვაო წყლებიდან გამოსვლა.
4.მშვიდობიანი გავლა უნდა ხორციელდებოდეს სწრაფად და შეუჩერებლად, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად. გაჩერება და ღუზაზე დგომა დაიშვება, თუ იგი დაკავშირებულია ჩვეულებრივ ნაოსნობასთან, გამოწვეულია უბედური შემთხვევის ან დაუძლეველი ძალის გამო, ანდა საფრთხეში მყოფი ადამიანების, გემების და საფრენი აპარატებისათვის დახმარების აღმოჩენის აუცილებლობით.
5.საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გავლა მშვიდობიანად ითვლება, თუ იგი არ არღვევს მშვიდობას, წესრიგსა და სახელმწიფო უსაფრთხოების საყოველთაო პრინციპებს.
6.საქართველოს სასიცოცხლო და სუვერენული ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს, დროებით შეზღუდოს ან აკრძალოს უცხო ქვეყნის გემების, ატომური გემებისა და სამხედრო ხომალდების შესვლა და ყოფნა საქართველოს ტერიტორიული ზღვისა და შიგა საზღვაო წყლების რომელიმე რაიონში. ასეთი შეზღუდვა ან აკრძალვა ძალაში შედის მისი „ზღვაოსანთა უწყებებში“ გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1359 – ვებგვერდი, 09.10.2013წ.

