ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ
Статья 13. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მოვალეობები
1. ამ კანონით განსაზღვრულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანათა შესრულებისას საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები ვალდებულნი არიან: ა) თავიანთი კომპეტენციის შესაბამისად მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა დაიცვან ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, საკუთრება, საზოგადოებრივი უშიშროება; ბ) შეასრულონ პროკურორისა და გამომძიებლის წერილობითი დავალებები და სასამართლოს გადაწყვეტილებები; გ) შეასრულონ სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულებათა (შეთანხმებათა) საფუძველზე შესაბამისი საერთაშორისო სპეციალური ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების სპეციალური ორგანოების თხოვნა-შეკითხვები; დ) მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს და გაუწიონ მათ საჭირო დახმარება; ე) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისას დაიცვან კონსპირაციის წესები; ვ) ხელი შეუწყონ დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან თავიანთ თანამშრომელთა, მათი ოჯახის წევრთა, ახლობელთა, აგრეთვე სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა, მათი ოჯახის წევრთა, ახლობელთა პირადი უშიშროების უზრუნველყოფას, მათი ქონების დაცვა-შენახვას.
2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სათანადოდ შესასრულებლად მათთვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სპეციალური პროფესიული მომზადების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სამედიცინო მომსახურების პირობები.
