ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ
Статья 15. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების თანამშრომელთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები
1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების თანამშრომლებზე ვრცელდება იმ ორგანოების თანამშრომელთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები, რომელთა სამსახურშიც ისინი ირიცხებიან.
2. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი თანამდებობის პირის და ორგანოს კანონიერ მოქმედებაში, გარდა იმ პირისა, რომელიც კანონით უშუალოდ არის საამისოდ უფლებამოსილი. აკრძალულია მისი მუშაობის შეფასება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგების რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით.
3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განსახორციელებლად უფლებამოსილი თანამდებობის პირი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარებისას ემორჩილება უშუალო უფროსს. აშკარად კანონსაწინააღმდეგო ბრძანების ან მითითების მიღებისას თანამდებობის პირი ვალდებულია იხელმძღვანელოს კანონით, ხოლო თუ მას აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ კანონსაწინააღმდეგო ბრძანებისა თუ მითითების შესრულების შედეგად შეიძლება მოხდეს ან ხდება დანაშაული, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს ზემდგომ ორგანოს და პროკურორს.
