კულტურული მემკვიდრეობის შესახებ
Статья 52. ნებართვის მფლობელის მიერ სამუშაოთა შესრულებაზე ანგარიშების წარდგენა, სახელმწიფო კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე
1. ამ კანონით განსაზღვრულმა ნებართვის მფლობელმა სამუშაოთა მიმდინარეობისას პერიოდულად უნდა წარადგინოს სამუშაოთა შუალედური ანგარიში, ხოლო სამუშაოთა დასრულების შემდეგ – სამუშაოთა საბოლოო ანგარიში და მათი ადგილზე შემოწმების მიზნით უნდა დაუშვას ნებართვის გამცემი ორგანოს წარმომადგენლები.
2. ნებართვის მფლობელის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიშების წარდგენის პერიოდულობას ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღებისას განსაზღვრავს სამინისტრო და იგი აისახება სანებართვო მოწმობაში.
3. სამუშაოთა ანგარიში უნდა მოიცავდეს საკითხებს სამუშაოთა მიმდინარეობის, მათი შესრულების ხარისხის, შექმნილი ან გამოვლენილი, საპროექტო დოკუმენტაციით გაუთვალისწინებელი ვითარებებისა და გარემო ფაქტორების, სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი ან აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ან მასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და ობიექტების შესახებ.
4. თუ უძრავი ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებდა მასზე საინჟინრო კომუნიკაციების, ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების შეცვლას ან დამონტაჟებას, სამუშაოთა საბოლოო ანგარიშს უნდა დაერთოს: ა) საზოგადოებრივ და საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში ლიფტებისა და ესკალატორების, ხოლო სამრეწველო ობიექტების შემთხვევაში – დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ; ბ) გარე კომუნიკაციებზე საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით მიერთების დადასტურება, გაცემული შესაბამისი კომპანიის მიერ.
