1.მძღოლმა უნდა გააცნობიეროს, რომ ბავშვს განვითარების დონე არ აძლევს შესაძლებლობას, სრულყოფილად გააანალიზოს საგზაო მოძრაობის პირობები.
2.გზაზე ან მის სიახლოვეს ბავშვის დანახვისას ან გაჩერებული ავტობუსის დანახვისას, რომელზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“, მძღოლმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს ისეთი სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე გაჩერების შესაძლებლობას მისცემს.
3.სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ დამსხდარ მდგომარეობაში, კონსტრუქციულად განსაზღვრული დასასხდომი ადგილებით. ბავშვთა დამდგარ მდგომარეობაში გადაყვანა აკრძალულია.
4.ბავშვთა ჯგუფის გადამყვან ავტობუსზე დამაგრებული უნდა იყოს საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“. ავტობუსის გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა უნდა ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია. ბავშვების თანმხლები სრულწლოვანი პირები ვალდებული არიან, უზრუნველყონ ბავშვების ავტობუსში ჩასხდომა და ავტობუსიდან გადმოსხდომა, აგრეთვე ბავშვების მიერ გზის სავალი ნაწილის უსაფრთხო გადაკვეთა.
5.ბავშვთა ჯგუფის გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში − გვერდულაზე. დასახლებული პუნქტის გაუნათებელ გზასა და დაუსახლებელი პუნქტის გზაზე ბავშვთა ჯგუფის გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ დღე-ღამის ნათელ დროს. ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც არ აქვს , ბავშვთა ჯგუფი უნდა გადაადგილდებოდეს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს მდებარე გვერდულაზე. ბავშვთა ჯგუფი გადაყვანილი უნდა იქნეს სრულწლოვანი გამცილებლის თანმხლებით. ამასთანავე, ბავშვთა ჯგუფი უნდა დაიყოს რიგებად, რიგში არაუმეტეს ორი ბავშვისა. ბავშვთა ჯგუფის გამცილებელმა უნდა უზრუნველყოს ბავშვთა უსაფრთხო გადაადგილება. მიზანშეწონილია, გზაზე მოძრაობისას ბავშვთა ჯგუფის გამცილებელს ეცვას შუქამრეკლი უსაფრთხოების ჟილეტი. ბავშვთა ჯგუფის გამცილებლის მინიშნებისას ვალდებულია გზა დაუთმოს იმ ბავშვებს, რომლებიც კვეთენ გზის სავალ ნაწილს.
