ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
Статья 43. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და შეჩერება
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ: ა) უფლებამოსილება პირადი განცხადებით მოიხსნა; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა; გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში; ვ) დაიკავა ამ კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა; ზ) გარდაიცვალა.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფაქტების შესახებ ინფორმაციას, გარდა იმავე პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მუნიციპალიტეტის საკრებულო ცნობად იღებს და აფორმებს საკრებულოს სხდომის საოქმო ჩანაწერით.
