ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
Статья 76. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები
1. თბილისის მერს ჰყავს პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები.
2. თბილისის მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს) და მოადგილეებს თბილისის საკრებულოს თანხმობით თანამდებობებზე ნიშნავს თბილისის მერი. თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და მოადგილეების თანამდებობებიდან განთავისუფლების საკითხს წყვეტს თბილისის მერი.
3. თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და მოადგილეების თანამდებობებზე დანიშვნაზე თანხმობას თბილისის საკრებულო გამოხატავს საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით. თბილისის საკრებულოს თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში თბილისის მერი უფლებამოსილია 10 დღის ვადაში წარადგინოს იგივე ან ახალი კანდიდატურა. თუ თბილისის საკრებულო კვლავ არ გამოხატავს თანხმობას, თბილისის მერი უფლებამოსილია არაუმეტეს 3 თვის ვადით დანიშნოს თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და მოადგილეების მოვალეობათა შემსრულებლები.
4. თუ თბილისის საკრებულომ ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პროცედურით თანხმობა არ მისცა თბილისის მერს მისი პირველი მოადგილის (ვიცე-მერის)/მოადგილის დანიშვნაზე, თბილისის მერი ვალდებულია მომდევნო 3 თვის ვადაში თბილისის საკრებულოს წარუდგინოს თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის)/მოადგილის ახალი კანდიდატურა. ასეთ შემთხვევაში მოქმედებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესი. თბილისის საკრებულოს თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის)/მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად დაუშვებელია იმ პირის დანიშვნა, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ერთხელ უკვე ასრულებდა თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის)/მოადგილის მოვალეობას.
