უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
Статья 1. კანონის მიზნები და რეგულირების სფერო
1. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, ამ კანონის მიზანია: ა) ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად, საქართველოში მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის შექმნას სამართლებრივი გარანტიები; ბ) დაიცვას უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებები, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა; გ) ხელი შეუწყოს საქართველოსა და სხვა სახელმწიფოებს შორის ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში ურთიერთობების განვითარებას; დ) განამტკიცოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის, აგრეთვე საქმიანობისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის უფლებები; ე) განამტკიცოს უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებთან და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შესაბამისობა; ვ) ხელი შეუწყოს უკანონო მიგრაციის პრევენციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას, თავიდან აიცილოს სტიქიური და მოუწესრიგებელი მიგრაცია, უზრუნველყოს მიზანმიმართული მიგრაციული პოლიტიკის განხორციელება.
