1.უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას: ა) თუ მას არ აქვს საქართველოში შემოსვლისათვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები; ბ) თუ მას აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც დაწესებულია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის; ბ 1 ) თუ მას საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული ჯარიმა არ გადაუხდია; გ) თუ მან საქართველოს ვიზის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად არასრული ან ყალბი მონაცემები ან დოკუმენტები წარადგინა; დ) თუ მას არ აქვს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა ან საქართველოში ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური სახსრები; ე) თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას; ვ) თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა; ზ) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ კანონიერი საფუძვლის გარეშე დარჩება საქართველოში; თ) თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2.უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2 1 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, აგრეთვე ამ მუხლის 3 2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევაში უნდა არსებობდეს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა საქართველოს ვიზის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე ამ მუხლის 3 2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ვიზის გაცემის ან საქართველოში შემოსვლის მიზანშეუწონლობის შესახებ დასკვნა არ საბუთდება. 3 1 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, აგრეთვე ამ მუხლის 3 2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება. 3 2 . უცხოელს C5 კატეგორიის საქართველოს ვიზის გაცემაზე უარი შეიძლება ეთქვას საქართველოს საიმიგრაციო პოლიტიკიდან გამომდინარე. ეს უარი არ გასაჩივრდება.
4.უცხოელი, რომელსაც სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირების შედეგად უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, უკან ბრუნდება.
5.თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელს სამართლებრივი ან ფაქტობრივი მიზეზის გამო არ შეუძლია დაუყოვნებლივ დატოვოს სასაზღვრო კონტროლის ზონა, იგი დროებით განთავსდება სასაზღვრო კონტროლის ზონაში, მეთვალყურეობის ქვეშ, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. საქართველოს 2015 წლის 8 მაისის კანონი №3602 – ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 15 აპრილის კანონი №1511 – ვებგვერდი, 15.04.2026წ.


